მეტად ხელმისაწვდომი და მიმზიდველი ინტერნეტმომსახურება ქსელთან დაკავშირებულ მეტ ადამიანს ნიშნავს

|

This page in:

2019 წლის 17 მაისს  ორმოცდამეათედ აღინიშნება მსოფლიო ტელეკომუნიკაციისა და საინფორმაციო საზოგადოების დღე. დღესდღეობით სამყაროს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, დაახლოებით 4.3 მილიარდი ადამიანი, ინტერნეტით სარგებლობს. 90 პროცენტი კი საბაზისო მონაცემთა სერვისებს მაინც იყენებს. ზოგიერთი ქვეყანა ინტერნეტით სარგებლობის ძალიან მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ სახელმწიფოებში, რომლებიც განვითარებული ქვეყნების ჯგუფს წარმოადგენენ, ფიზიკური პირების 84 პროცენტი ინტერნეტის მომხმარებელია. ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ისლანდია ან სამხრეთი კორეა, თითქმის ყველა მოსახლეს ინტერნეტმომხმარებლად მიიჩნევს. მაგრამ როგორ არის საქმე დანარჩენ მსოფლიოში? ვინ უშლის ხელს მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარს ინტერნეტით სარგებლობაში?

აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) ჩატარებული შინამეურნეობების ეროვნული კვლევებიდან გამომდინარე ჩვენ გამოვავლინეთ ზოგიერთი მიზეზი, რომელიც ხელს უშლის მოსახლეობის წვდომას ინტერნეტთან. მსოფლიო ბანკი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი EU4 ციფრული ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობს. ამ უკანასკნელის მიზანია ქვეყნების დახმარება ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში. ქვეყნების ამ ჯგუფში ფიზიკური პირების წილი, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ინტერნეტს (თითოეული ქვეყნის კვლევის განხორციელებამდე სამი თვის განმავლობაში) დაახლოებით 80 პროცენტსა (აზერბაიჯანი) და 50-60 პროცენტს (საქართველო-უკრაინა) შორის მერყეობს. თითოეულ ამ კვლევაში ისმის ერთი კითხვა - რატომ არ აქვთ ადამიანებს ინტერნეტკავშირი? 

მიზეზები განსხვავებულია, კვლევებში კი მითითებულია თუ როგორ უნდა გაკეთდეს კიდევ უფრო მეტი, სახელმწიფო პოლიტიკის საშუალებით,  მოსახლეობის ინტერნეტზე წვდომის გასაუბჯობესებლად.

 

Internet use by individuals and Internet access by households, ITU (2018)
ცხრილი 1: ფიზიკური პირების მიერ ინტერნეტით სარგებლობა და შინამეურნეობების წვდომა ინტერნეტთან, ITU (2018)

 

ინტერნეტის ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა

გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები ხშირად მოკლებულნი არიან ინტერნეტკავშირს ქსელთან წვდომის არქონის გამო. თუმცა, ფიზიკური წვდომის გარდა, ფინანსური  ხელმისაწვდომობაც გამოწვევას წარმოადგენს.

აღმოსავლეთის პარტნიორობის ოთხ ქვეყანაში, რომლებისთვისაც მონაცემები ხელმისაწვდომია, ადამიანები განმარტავენ, რომ მათ არ აქვთ იმ მოწყობილობის შეძენის ფინანსური შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველჰყოფს ინტერნეტით სარგებლობას. კავშირის არქონის ძირითად მიზეზად, ასევე, უთითებენ წვდომასთან დაკავშირებულ მაღალ ხარჯებს (ყოველთვიური გადასახადი ან თავდაპირველი მონტაჟის ღირებულება). მაგალითად, მოლდოვას მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი, რომელიც მოკლებულია ინტერნეტკავშირს, მოწყობილობის (მაგ. კომპიუტერის) ღირებულებას მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს.

 

Figure 2: Reasons for not being connected to the internet, countries’ national surveys (c. 2015)
ცხრილი 2: ინტერნეტთან კავშირის არქონის მიზეზები, ქვეყნების ეროვნული კვლევები (c. 2015).

 

მიმზიდველობის ნაკლებობა?

გასაოცარია, რომ ინტერნეტკავშირს მოკლებული ადამიანებიდან ბევრი ამბობს, რომ არ აქვს ასეთი კავშირის მიმართ ინტერესი, ვერ გრძნობს მის საჭიროებას, არ აქვს სურვილი რომ ჰქონდეს. სომხეთის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი, რომელიც მოკლებულია ინტერნეტკავშირს როგორც ქალაქში, ისე სოფლად, აღნიშნავს, რომ არ აქვს ინტერნეტთან დაკავშირების ინტერესი, სურვილი ან საჭიროება. ეს პასუხი მიუთითებს პრობლემის არსებობაზე მუდმივად მზარდ ციფრულ სამყაროში. კავშირის გარეშე დარჩენილი ადამიანები და კომპანიები ინფორმაციასთან, სერვისებთან და ბაზრებთან წვდომის თვალსაზრისით ჩამორჩენის საფრთხის წინაშე დგანან.

ციფრული სერვისების ახალგაზრდა თაობასთან ასოცირების გათვალისწინებით, განსაკუთრებით საინტერესოა,  რომ სომხეთში და საქართველოში ინტერნეტთან კავშირის არმქონე ახალგაზრდობის დაახლოებით მესამედი ამბობს, რომ არ აქვს ინტერესი ან ფიქრობს, რომ ის არ სჭირდება. ამავე დროს, როგორც სომხეთში, ისე საქართველოში იმ ადამიანთა თითქმის ნახევარი, რომელიც არ არიის ინტერნეტის მომხმარებელი (56 წლის და უფრო ხნიერი პირები), ასევე აღნიშნავს, რომ არ სურს კავშირი ინტერნეტთან ან მიაჩნია, რომ  არ სჭირდება.

აღნიშნული ნაწილობრივ, შეიძლება, განპირობებული იყოს „ონლაინ“ კავშირის სარგებლის შესახებ ცოდნის არქონით ან ინტერნეტით სარგებლობის არაადეკვატური უნარებით, რომლებიც არ არის საკმარისი მომხმარებლისთვის სარგებლის მოსატანად. მაგალითად, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში უფრო მეტ ადამიანს შეიძლებოდა გამოეყენებინა სამუშაოს საძიებო „ონლაინ“ პორტალები ყველა დონის უნარებისა და განათლების შესაბამისი დასაქმების შესაძლებლობების გამოსანახად. საქართველოში 2018 წლის მდგომარეობით, 15-დან 29 წლამდე ასაკის ინტერნეტმომხმარებლების მხოლოდ 30 პროცენტი  ეძებდა სამუშაოს ან განაცხადი შეჰქონდა „ონლაინ“ რეჟიმში. სოფელში მცხოვრები ყოველი რვა ინტერნეტმომხმარებლიდან მხოლოდ ერთი იყენებდა ინტერნეტ-საბანკო მომსახურებას.

ამდენად, ინტერნეტით სარგებლობის უნარების არქონაზე რეაგირება პრობლემის გადაჭრის ნაწილად შეგვიძლია ჩავთვალოთ. აზერბაიჯანის ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეხუთედი და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ერთი მეოთხედი აცხადებს, რომ მათ არ გააჩნიათ სათანადო ციფრული უნარები. ეს მაჩვენებლები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, სომხეთში ქალაქში მაცხოვრებლებთან შედარებით სოფლად მცხოვრები რესპონდენტების ერთი მესამედით მეტმა ბარიერად უნარ-ჩვევების არქონა დაასახელა. იგივე წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას სომხეთში კავშირის არმქონე ყველა ასაკობრივ ჯგუფში (15 პროცენტი - 19 პროცენტი).

ზოგადი განათლების დონეც თავის როლს ასრულებს. სომხეთში მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს (55 პროცენტი), რომელსაც არასოდეს უსარგებლია ინტერნეტით, საშუალო ან უფრო დაბალი საფეხურის განათლება აქვს მიღებული. მთლიანობაში, მათი 85 პროცენტი 36 წლის ან უფროსი ასაკისაა. 2015 წლის მდგომარეობით, ინტერნეტკავშირის თვალსაზრისით ჩამორჩენა განათლებაში თანაბრად იყო განაწილებული განათლების ყველა დონეზე სომხეთისთვის, რომელთაგან დაახლოებით 17 პროცენტს, განათლების ყველა დონეზე, არ გააჩნდა ინტერნეტით სარგებლობის უნარ-ჩვევები.

 

როგორი სახელმწიფო პოლიტიკაა საჭირო?

ციფრული ჩამორჩენის აღმოფხვრა სამი ტიპის ძალისხმევით არის შესაძლებელი. პირველი და ყველაზე თვალსაჩინოა ის ღონისძიებები, რომლებიც აამაღლებს წვდომას ინტერნეტთან და შესაძლებელს გახდის ქსელის გაფართოებას სოფლებსა და შორეულ რეგიონებში. ასეთი ღონისძიებები შეამცირებს ქსელის გაფართოების ხარჯებს და აამაღლებს ახალ ბაზრებზე შესვლის  სტიმულს მომსახურების მიმწოდებლებისთვის  (კონკურენტული ზეწოლის ან ისეთი მექანიზმების საშუალებით, როგორებიცაა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობები).

სახელმწიფო უწყებებს, ასევე, შეუძლიათ მოკლევადიანი ძალისხმევის განხილვა ფინანსური ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად. ბევრი ქვეყანა მოწყობილობებს უფასოდ არიგებს, მაგალითად სტუდენტებისთვის. სომხეთს აქვს წარმატებული პროგრამა აღჭურვილობის შესაძენად ფინანსური პირობების გაუმჯობესების მიზნით. საქართველო ასევე ახორციელებს პროგრამას, რომელიც  სოციალურად მოწყვლად შინამეურნეობებს და სოფლად მცირე მეწარმეებს ინტერნეტის საინსტალაციო ხარჯების დასაფარი ვაუჩერებით უზრუნველყოფს.

 მესამე, სხვადასხვა პროგრამები უზრუნველჰყოფს ადამიანების ინფორმირებულობას და მათთვის ინტერნეტის მნიშვნელობის ზრდას, რაც ხელს შეუწყობს ინტერნეტის მიმზიდველობის გაზრდას კოსოვოში მთავრობამ ორგანიზება გაუწია ციფრულ სამუშაო პლატფორმებში ახალგაზრდების ტრენინგის პროგრამას მათი ჩართულობის ასამაღლებლად და მათ მიერ შემოსავლის გამომუშავების ხელშესაწყობად. მალაიზიას აქვს პროგრამების ფართო სპექტრი დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების მოსამზადებლად, რათა მათ შეძლონ „ონლაინ“ მუშაობა ან ბიზნესის დაწყება. „ონლაინ“ გაწეული საჯარო და კერძო სერვისების სპექტრის გაფართოება (ინტერნეტ-საბანკო მომსახურებიდან განათლებამდე), ასევე, ხელს შეუწყობს ინტერნეტის მიმზიდველობის ზრდას ფართო აუდიტორიისთვის.

ციფრული ჩამორჩენა, როგორც წესი, ქსელთან წვდომის არქონის თვალსაზრისით განიხილება. ინტერნეტის დანერგვისა და გამოყენების შესახებ არსებული სტატისტიკის გაუმჯობესებასა და გაღრმავებასთან ერთად, ჩვენ ვიღებთ გაცილებით დეტალურ სურათს იმაზე, თუ რა შეიძლება უშლიდეს ხელს ადამიანს ინტერნეტით სარგებლობაში.

ციფრული უთანასწორობის მიზეზებზე რეაგირება, მომსახურების საყოველთაო ფიზიკური თუ ფინანსური წვდომისა და მიმზიდველობის უზრუნველყოფით, უფრო მეტ ადამიანს მისცემს ინტერნეტით სარგებლობისა და ციფრულ სამყაროსთან დაკავშირების შესაძლებლობას.

ავტორები ხაზს უსვამენ EU4 ციფრული ინიციატივის მნიშვნელობას, რომელიც  მსოფლიო ბანკის მიერ ევროკომისიის მხარდაჭერით ხორციელდება.

Authors

Siddhartha Raja

Senior Digital Development Specialist

Stela Leuca

Consultant, Digital Development Global Practice