Published on Eurasian Perspectives

საქართველოში ინოვაციების დანერგვის პარალელურად დღემდე გაუხმაურებელი ნიჭი ვლინდება

Tech Park Georgia

მთაწმინდის წვერზე, რომელიც საქართველოს დედაქალაქს გადმოჰყურებს, ქვეყნის ინოვაციური მომავალი იქმნება. აქ აწმყო ხვდება მომავალს.

დღეს სურვილი მაქვს საქართველოს ტექნოპარკის შესახებ მოგითხროთ.

ახლახანს ტექნოპარკს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელ ჩემს კოლეგებთან ერთად ვეწვიე. მას ზედამხედველობას საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) უწევს. ჩვენ იქ ყოფილმა კოლეგამ, ამჟამად კი სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა, მარიამ ლაშხმა გვიმასპინძლა.

მარიამმა, რომელიც ჯერ კიდევ მსოფლიო ბანკში საქმიანობისას საქართველოს კონკურენტუნარიანობის და ინოვაციის პროექტის შემუშავებაში იყო ჩართული, მოკლედ გაგვაცნო სააგენტოს ისტორია. ის 2013 წელს იწყება.

Meeting rooms in Georgia's Tech Park

იდეა საქართველოს მთავრობის დახმარების და ეკონომიკის წამყვანი სექტორების ინოვაციური წინსვლის ხელშეწყობის გზების ძიებაში დაიბადა. საბოლოო მიზანი კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა გახლდათ, სამუშაო ადგილების შექმნაზე ყურადღების განსაკუთრებულად გამახვილებით.

სააგენტოს შექმნის შემდეგ ბევრ ქართველ ახალგაზრდას გაუჩნდა საშუალება ბრწყინვალე იდეები სააშკარაოზე გამოეტანა. სხვადასხვა ღონისძიებებმა, როგორებიცაა „ინოვ-ა-თონები“, „კრეათონები“, „სათამაშო ჯემები“, ახალგაზრდობის ინოვაციური სამიტები, სამეწარმეო ლაბორატორიები და „ჯეოლაბის“ გახსნა, ნათელი გახადა, რომ ქართველებს ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში საკმაოდ სწრაფად განვითარებადი ნიჭი აქვთ.

ტექნოპარკი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. შენობა აერთიანებს მცირე ინკუბატორებს, ტრენინგ-ცენტრებს, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებს, ციფრულ ბიბლიოთეკას, მსოფლიოში ცნობილი ტექნოლოგიური კომპანიების შოურუმებსა და საკონფერენციო დარბაზს.

Tech Park - machines

Tech Park showrooms

სააგენტო ასევე პასუხისმგებელია საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის (GENIE) პროექტის დანერგვაზე, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 18 მარტს დაამტკიცა. აღნიშნული პროექტი მოიცავს „ინვესტიციების განხორციელებას რეგიონულ და სათემო ინოვაციურ ცენტრებში, შინამეურნეობებისა და მცირე ბიზნესებისთვის ინტერნეტთან წვდომის გაფართოებას, ციფრული ეკონომიკის უნარების გამომუშავებას, საწარმოთა ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერებას და ნოვატორებისთვის დაფინანსებასთან წვდომის გაუმჯობესებას.“

GENIE პროექტი შეასრულებს მნიშვნელოვან როლს საქართველოს მთავრობის სტრატეგიის მხარდაჭერაში, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში კონკურენტუნარიანი და ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას. ამ გზით კი მომავლისთვის მზადყოფნის გამოცხადებას.

საინტერესოა, რა გახსენდებათ, როდესაც სიტყვა ‘ინოვაცია’ გესმით? რობოტები, დრონები, მობილური აპლიკაციები, სელფის ჯოხები, 5D, „სმარტსაათები“ თუ „ბლუსმარტ“ ჩემოდნები?

აი, ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი ოთხმოცდაათ წელს გადაცილებული ბებოსთვის ყველაზე დიდი ინოვაცია უსადენო ტელეფონი იყო. ჩემთვის დღეს ეს სიტყვა ტექნოპარკთან ასოცირდება. 

LEGO classes at Georgia's Tech Park

ფოტოები: ლეონიდ მუჯირი/მსოფლიო ბანკი


Authors

Tako Kobakhidze

Online Communications Producer

Join the Conversation

The content of this field is kept private and will not be shown publicly
Remaining characters: 1000