Published on Eurasian Perspectives

ციფრული რევოლუციის, უნარებისა და კომუნიკაციების მომავლის შესახებ

This page in:

WDR2016

ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არნახული უდიდესი რევოლუცია ხდება. მართალია, ამ ფრაზის ავტორი მე არ ვარ, მაგრამ სრულიად ვეთანხმები მას. სწორედ ამ წინადადებამ მიბიძგა წამეკითხა დოკუმენტის „მსოფლიოს განვითარების ანგარიში -2016: ციფრული დივიდენდები“ სრული მიმოხილვა.
 
ყოველთვის მაინტერესებდა, რას ნიშნავს სინამდვილეში ციფრული რევოლუცია. ვის, თუ არა ნახსენები ანგარიშის თანაავტორს შეეძლო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა! დიახ, გასულ კვირას შესაძლებლობა მომეცა, ინტერვიუ ჩამეწერა თბილისში მყოფ უვე დაიხმანთან. ის საქართველოს 8 აპრილს "როუდშოუს“ ფარგლებში ეწვია. მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ განხორციელებული ამ სამუშაოს პრეზენტაციას მთავრობის, ბიზნესის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული აუდიტორია ბიზნეს ფორუმზე: ინოვაცია და ციფრული ეკონომიკა დაესწრო.

- ალბათ არ არსებობს ციფრული რევოლუციის მკაცრად განსაზღვრული განმარტება, მაგრამ ჩვენ ის გვესმის როგორც ზოგიერთი ციფრული ტექნოლოგიის წარმოუდგენლად სწრაფი გავრცელება. როცა ვსაუბრობთ ციფრული ტექნოლოგიების შესახებ, რეალურად ვგულისხმობთ მობილურ ტელეფონებს და ინტერნეტს. ეს ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩემი აზრით, თუ  ამ პროცესს შევადარებთ წარსულის ინდუსტრიულ რევოლუციებს, რომელთა მიმდინარეობასაც ათწლეულები და საუკუნეები დასჭირდა, ვნახავთ, რომ ციფრული რევოლუცია გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს. გასათვალისწინებელია ის, თუ რა ტემპებით ვრცელდება მობილური ტელეფონები. მაგალითად, აფრიკის ბევრ ღარიბ ქვეყანაში ამას მხოლოდ რამდენიმე წელი დასჭირდა. ხელმომჭირნედ მცხოვრები ადამიანებიც კი თავიანთი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს მობილური ტელეფონის შესაძენად ხარჯავენ. ეს ადამიანების ფუნდამენტურად ახალი სურვილია, რადგანაც მათ სურთ კომუნიკაციის იოლად დამყარება. მე ვფიქრობ, ამიტომაც გაგვაოცა ამ რევოლუციამ თავისი სისწრაფით.

უნდა ვაღიარო, რომ ანგარიშის სათაურში შემდეგი ფრაზა - „ციფრული დივიდენდები“ - პროვოკაციულად მომეჩვენა. ჩემი აზრით, ამ სათაურის გამო სხვებსაც შეიძლება ჩემსავით ეფიქრათ, რომ  ანგარიში რთული ენით არის დაწერილი. შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ იმის გარკვევაში თუ რას ნიშნავს „ციფრული დივიდენდები“?
 
- ჩვენ ვიყენებთ ტერმინს „ციფრული დივიდენდები“ იმ სარგებლის მოკლედ აღსანიშნავად, რომელსაც ციფრული ტექნოლოგიები, ინტერნეტი და სხვა იძლევა. ვსაუბრობთ რეალურად სამი განსხვავებული მიმართულების შესახებ, სადაც ეს სარგებელი ვლინდება. ერთია ის, რომ ქვეყნები სწრაფად ვითარდებიან; მეორე, ინტერნეტის და ტექნოლოგიების განვითარებით ადამიანები იღებენ უკეთეს შესაძლებლობებს შემოსავლის მისაღებად, და მესამე, მთავრობის ეფექტიანობა იზრდება. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციფრულ ტექნოლოგიებში განხორციელებული ინვესტიციებიდან გამომდინარე, ციფრული დივიდენდები ძირითადად არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა და უკეთესი მომსახურება.
 
ბატონო უვე, ანგარიში ექვსი თავისგან  და დაახლოებით 350 გვერდისგან შედგება. მართლაც ვრცელი დოკუმენტია, არა? დღევანდელ კითხვის კულტურას, ან უფრო სწორად - მის არქონას თუ გავითვალისწინებთ, ადამიანებს არ სურთ ვრცელი პუბლიკაციების კითხვა ბევრი მიზეზის გამო. თქვენი აზრით, რატომ უნდა დაუთმოს ადამიანმა დრო ამ ანგარიშის წაკითხვას?
 
- ჩემი აზრით, ანგარიშში ყველა იპოვის თავისთვის რამე საინტერესოს. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი თანაავტორი ვარ. მასში დასმულია საკითხები, რომლებიც არ ეხება მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორს ან Google -ს, Facebook -ს და მსგავს კომპანიებს. ისინი უფრო მეტად განსაზღვრავენ ქვეყნების ეკონომიკის ბედს. ეს  ტექნოლოგიები გავლენას იქონიებს საზოგადოების ყველა სექტორზე და, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია გვქონდეს მკაფიო წარმოდგენა, თუ რეალურად რა გავლენა აქვს აღნიშნულ ტექნოლოგიებს ეკონომიკურ განვითარებაზე. ჩვენ ვცდილობთ ხელსაყრელი გარემოს და მარტივი სისტემის შექმნას იმისათვის, რომ უკეთესად გავარკვიოთ, რა ზემოქმედებას ახდენს ინტერნეტი განვითარებაზე. ანგარიშში წარმოდგენილია დარგობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებული დიფერენცირებული რეკომენდაციები ქვეყნის განვითარების დონის მიხედვით. მაგალითად, აფრიკის ბევრ ქვეყანაში ინტერნეტის გამოყენების დონე დაბალია და მათი პრობლემები განსხვავებულია საქართველოს პრობლემებისგან, სადაც ინტერნეტთან წვდომა საკმაოდ კარგია და უკვე არსებობს ე.წ. ანალოგიური დანამატები. ამდენად, ამ ანგარიშიდან განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფმა ქვეყნებმა შეიძლება ბევრი რამ ისწავლონ.  
 
ხშირად მესმის საუბარი თემაზე, რომ მალე რობოტმა შეიძლება ადამიანი ჩაანაცვლოს. როგორ ფიქრობთ, ეს რეალურია? 
 
- უნარების განვითარება მეტად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის განათლების პროცესში. ჩემი აზრით, ჩვენი სკოლები არ არის იმგვარად მოწყობილი, რომ მოსწავლეები აღჭურვოს იმ უნარებით, რომლებზეც  მოთხოვნა 21-ე საუკუნის შრომითი რესურსების ბაზარზე არსებობს. ჩვენ კარგად შეგვიძლია გამეორება, დამახსოვრება, მაგრამ წლების შემდეგ ეს უნარები მოძველდება, რადგან მანქანებს აღნიშნულის განხორციელება გაცილებით სწრაფად შეუძლიათ. ამდენად, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემეცნებით, სოციალურ-ემოციურ და პრობლემების გადაჭრის უნარებზე, რისი სწავლაც გაცილებით რთულია. ამიტომაცაა, რომ ბევრი ქვეყანა ცდილობს პრობლემების დაძლევას ამ მიმართულებით. რეფორმების გატარებას და განათლების დონის ამაღლებას დიდი დრო სჭირდება.  
 
როგორც კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ადამიანმა მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გკითხოთ: როგორ გესახებათ ამ სფეროს მომავალი? როგორია უახლესი ტენდენციები? 
 
- ერთ-ერთი საინტერესო ასპექტია ის, რომ სოციალური მედია რევოლუციურად ცვლის ინფორმაციის გავრცელებას. დღესდღეობით ინფორმაციასთან წვდომა გასაოცარია და ის პრობლემას აღარ წარმოადგენს. ჩემი აზრით, დაბრკოლებას უფრო იმის განსაზღვრის უნარი ქმნის, თუ რამდენად სასარგებლოა ინფორმაცია. ის, რასაც ვუწოდებთ ციფრულ წიგნიერებას, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ვფიქრობ, კომუნიკაციების სფეროში მომუშავე პირმა ზუსტად უნდა იცოდეს, როგორ გადასცეს სხვებს ინფორმაცია გიგანტურ ინფორმაციულ ზღვაში დამაჯერებელი და სასარგებლო ფორმით.
 

ცნობისათვის, 1979 წლიდან მსოფლიო ბანკის მთავარი ანგარიშის დასაწერად ყოველ წელს ახალი თემა ირჩევა და იკრიბება ახალი გუნდი, რომელმაც უნდა შეიმუშაოს დოკუმენტი შერჩეული კონკრეტული სფეროსთვის მნიშვნელოვანი დარგობრივი პოლიტიკის საკითხებით. 
 
უყურეთ უვე დაიხმანის სრულ ინტერვიუს მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის ვებგვერდზე

Authors

Tako Kobakhidze

Online Communications Producer

Join the Conversation

The content of this field is kept private and will not be shown publicly
Remaining characters: 1000