Published on Eurasian Perspectives

ლადო აფხაზავა – ერთი გამორჩეული მასწავლებლის რეცეპტი საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის

This page in:

ძალიან მიხარია, რომ ლადოსთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა. ის, მართლაც, ნიჭიერი, საქმისთვის თავდადებული და სამოქალაქო განათლების პროფესიონალი მასწავლებელი აღმოჩნდა. ლადო საქართველოს ერთ-ერთი უღარიბესი რეგიონიდან - გურიიდანაა. მისი ინოვაციური და მოსწავლეზე მორგებული მიდგომა სწავლებისა და სწავლის კულტურას ჩიბათის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვნად გარდაქმნის.  

ლადო შემოქმედებითად და გატაცებით უდგება სწავლებას. მოსწავლეების გუნდურ მუშაობას საინტერესო პროექტების გარშემო წარმართავს და აძლიერებს მათ სკოლის ყოველდღიურ მართვაში მონაწილეობის მისაღებად. ლადოს შთაგონებით სულ უფრო მეტი მასწავლებელი ნერგავის მისი მიდგომის ელემენტებს და გუნდურ მუშაობას მოსწავლეთა უკეთესი აკადემიური შედეგების მისაღწევად.
ლადოს სწავლების სტილი და ინოვაციური მიდგომა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ის  2019 წლის მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს 10 ფინალისტს შორის გახლავთ.  

 

 


მსოფლიო ბანკში მუშაობის დაწყებამდე მე თვითონაც პროფესიონალი მასწავლებელი გახლდით. ამიტომ, ძალიან კარგად მახსოვს ის უდიდესი ემოციური მუხტი, რომელსაც განვიცდიდი ახალგაზრდების გაძლიერებით და შთაგონებით, რომ მიეღოთ ცოდნა, და ერთგვარად, დავხმარებოდი განსაკუთრებული მიზნების მიღწევაში. ამავდროულად, ვიცი, რომ კარგი მასწავლებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც ენთუზიაზმს, თავდადებას და მოთმინებას მოითხოვს.

ლადოსთან ჩემმა შეხვედრამ კიდევ უფრო გამიძლიერა რწმენა მასწავლებლის გადამწყვეტი როლის მიმართ ქვეყნის ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. ჯანმრთელ, განათლებულ, მონდომებულ და ენერგიულ ადამიანებს შეუძლიათ ახალი ტექნოლოგიური და ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენება.

2018 წელს მსოფლიო ბანკმა დაიწყო ადამიანური კაპიტალის პროექტი, რომლის მიზანიც იყო ინვესტიციების მატების დაჩქარება ადამიანურ კაპიტალში. ეს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველოს სურს იყოს ამ პროექტის ერთ-ერთი “პირველი განმახორციელებელი” ქვეყანა. ეს უდიდესი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, ისევე როგორც მსოფლიო ბანკისთვის  თანამშრომლობის გაგრძელებისა და ტრანსფორმაციული პროგრესის გაძლიერების თვალსაზრისით.
 
რატომ აქვს ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებას სასიცოცხლო მნიშვნელობა საქართველოსთვის?

ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით უდიდეს პროგრესს მიაღწია. მას მაღალი რეიტინგები აქვს მიღებული მმართველობისა და ბიზნესის წარმოების სფეროში. არსებითად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და ეკონომიკური ზრდის სხვა მაჩვენებლები, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის მსოფლიოში წამყვან ტურისტული დანიშნულების ადგილად ფორმირებას. საქართველოს ახლა კარგად ჩამოყალიბებული ინსტიტუტები და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს.

თუმცა, კვლავ არსებობს სერიოზული გამოწვევები ქვეყნის წინაშე. მათ შორისაა შემოსავლების მზარდი უთანასწორობა, მოსახლეობის დაბერება და რიცხობრივად შემცირება. ასევე, სხვა სოციალური და ეკონომიკური სირთულეები, რომლებიც განაპირობებენ დაუცველობას გარე შოკების მიმართ.

ახლა, სწორედ, შესაფერისი დროა საქართველოს მოსახლეობის სამომავლო გამოწვევებისა და შესაძლებლობებისთვის მოსამზადებლად წარსულში მიღწეული პროგრესის საფუძველზე.

სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილება, გლობალიზაციასა და დემოგრაფიულ მოვლენებთან ერთად, საქართველოსგან  ადამიანური კაპიტალის პრიორიტეტად განსაზღვრას   მოითხოვს.  ამჟამად, ადამიანური კაპიტალის წვლილი ქვეყნის დოვლათში 48 პროცენტია. მაშინ, როცა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი 70 პროცენტს შეადგენს (იზომება ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის მნიშვნელობით).

იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო სასწავლო შეფასებებში ქართველი მოსწავლეების შედეგები უცხოელი თანატოლების მაჩვენებლებზე დაბალია, რთულია ქვეყნის, მისი ეკონომიკის და მოსახლეობის კონკურენტული შესაძლებლობების სრული მობილიზება.

ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე განათლების რეფორმის შედეგად მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. თუმცა, კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო. შედეგების ასამაღლებლად სწავლება და სწავლის კულტურა საქართველოში განვითარებას საჭიროებს.

სწორედ ახლა მოქმედების დროა. ჩვენ, მსოფლიო ბანკში ვეხმაურებით ამ მოწოდებას ისეთი პროგრამებით, როგორიცაა საქართველოს ინკლუზიური, ინოვაციური და ხარისხიანი განათლების პროექტი. ამჟამად, მასზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს სკოლამდელ განათლებაზე წვდომის გაფართოებას, ისევე, როგორც განათლების ხარისხის გაზრდას და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას. ყოველივე ამით კი, საბოლოო ჯამში, ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

დროა, გავუკვალოთ გზა ლადოს და მის მსგავს მასწავლებლებს იმისათვის, რომ განავითარონ ამ ქვეყნის პოტენციალი ახალგაზრდების შთაგონებით. როგორც ლადომ სწორად აღნიშნა: „მომავალი განათლებაშია“.

ლადოს 24 მარტს 2019 წლის მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს  მოპოვების რეალური შესაძლებლობა აქვს. თუმცა, იმის მიუხედავად, გაიმარჯვებს თუ არა, სრულიად საქართველო და ყველა ჩვენგანი უკვე ძალიან ვამაყობთ მისით!  


Authors

Mercy Tembon

Vice President and Corporate Secretary, Corporate Secretariat

Join the Conversation

The content of this field is kept private and will not be shown publicly
Remaining characters: 1000